პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ თანახმად მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე წარმატებით გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ინსტიტუციის მიერ განსაზღვრული გამოცდით (შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა) ვლინდება ცოდნის ზოგადი დონე არჩეული სპეციალობისა და ინგლისური ენის B2 დონის ფარგლებში. შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების საკითხები/ტესტები და სტუდენტთა ცოდნის შეფასების კრიტერიუმები განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე გამოცდების დაწყებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე (www.freeacademy.edu.ge). ინგლისური ენის ტესტირებისგან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, კერძოდ: FCE; IELTS; TOEFL. ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანების „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ თანახმად, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დადგენილი წესების დაცვით.
მაგისტრანტობის კანდიდატებს/სტუდენტებს უფლება აქვთ ისწავლონ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224 ბრძანების „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესი“ თანახმად.